English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ რევაზ გველესიანი
სოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფციის დამოკიდებულება ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებთან

რეზიუმე

ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფცია შეიძლება განისაზღვროს როგორც ეკონომიკური პოლიტიკის მოქმედების ზოგადი ჩარჩო-პირობები, მისი საფუძველი და ორიენტირი. როდესაც  ასეთი კონცეფცია რაციონალურობის პრინციპს ემყარება, იგი  წარმოადგენს ზოგად და  მასშტაბურ  მიზანთა კარგად გააზრებულსა და მყარ სისტემას. იგი ასევე მოიცავს წესრიგის პოლიტიკის პრინციპებს, მათთან თავსებადსა და  მიზნის მიმართ კონფორმულ საშუალებებს. ამ პოზიციიდან კი ეკონომიკა სხვა არაფერია თუ არა  ბევრად უფრო მასშტაბურ საზოგადოებრივ მიზანდასახულობათა  შემადგენელი ნაწილი. ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფცია აადვილებს რაციონალური ეკონომიკური-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას და მოქმედების შესაძლებლობათა წინასწარი არჩევის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ის ადგენს ინტერვენციის წესს, როგორც საშუალებათა გამოყენების კრიტერიუმს (Tuchtfeldt, 1982, გვ. 202).

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფცია, ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა, ძირითადი საზოგადოებრივი ღირებულებები, საბაზრო თავისუფლება, სოციალური თანასწორობა, ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილება, სოციალური საბაზრო ეკონომიკა.

ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა – ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფციის საფუძველი

ეკონომიკური პოლიტიკის საშუალებათა გამოყენების პროცესის რაციონალურად წარმართვის მიზნით  უნდა გავითვალისწინოთ ინტერვენციის სამი წესი: მიზნის მიმართ კონფორმულობა, კონცეფციის მიმართ კონფორმულობა და სისტემის მიმართ კონფორმულობა (Streit, 2005, გვ.307). პირველ რიგში უნდა განვიხილოთ რამდენად უწყობს ხელს მოცემული საშუალება მიზნის განხორციელებისაკენ სწრაფვას. ასეთი საშუალება შეიძლება შეფასდეს თუ რამდენად არის ის  მიზნის მიმართ კონფორმული. ამის შემდეგ საშუალებები უნდა შევაფასოთ კონცეფციისა და სისტემის მიმართ კონფორმულობის საფუძველზე. ამით დგინდება რამდენად კონფორმულია ღონისძიება კონცეფციასთან დამოკიდებულებაში, რაც  წინასწარი არჩევანის გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

ეკონომიკური პოლიტიკის ისეთ ღონისძიებათა ძიების პროცესში, რომლებმაც თავიდან უნდა აგვაშოროს დასახული მიზნისგან გადახვევა, თავდაპირველად აუცილებელია შემოწმდეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსალოდნელი შედეგი უშუალოდ ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებთან დამოკიდებულებაში. მიზნის მიმართ კონფორმულად უნდა მივიჩნიოთ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მიესადაგება ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემის გადაჭრას. მიზნის მიმართ კონფორმულობით ხასიათდება მიზანშეწონილი ღონისძიებებიც.

რაციონალური ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია შემოწმდეს და გავიაზროთ მიზნის მიმართ კონფორმულ საშუალებათა მნიშვნელობა (გველესიანი, 2013, გვ.17-18). ეს უნდა განხორციელდეს მიზანთა მთელ სისტემასთან დამოკიდებულებაში, იმ მიზნების ჩათვლით, რომლებიც ძირითად ღირებულებებად არის აღიარებული (გველესიანი, 2017, გვ.14-15). გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დანახარჯების შესამცირებლად საჭიროა ისეთი კრიტერიუმი, რომელიც შეფასებას გააადვილებს. უნდა გამოვიკვლიოთ აგრეთვე ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამიდან გამომდინარე კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისათვის რომელი საშუალების გამოყენებაა დასაშვები. ასეთი პროგრამა არის ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფცია. იგი გვაწვდის საკმარის და ერთმნიშვნელოვან ინფორმაციას არსებითი და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი კონსენსუსის თაობაზე. საქმე ეხება იმ კონსენსუსს, რომელიც გულისხმობს, რომ ეკონომიკას, როგორც საზოგადოებრივ მიზანთა უფრო მომცველი სისტემის შემადგენელ სფეროს, დაქვემდებარებული ადგილი უჭირავს. ეს მდგომარეობა განსაზღვრავს მის ღირებულებას. ამ გარემოების გათვალისწინება გვიადვილებს დავადგინოთ მიზანი სისტემის მიმართ კონფორმულობით ხასიათდება თუ არა.

სისტემის მიმართ კონფორმულობა სწორედ ის კრიტერიუმია, რომლითაც იზომება რაც მთავარია მოცემული ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფციაში. ძირითად ღერძს წარმოადენს კოორდინაციის ის მეთოდები, რომლებიც ეკონომიკას ახასიათებს, როგორც დაქვემდებარებულ სფეროს (ქვესისტემას). მნიშვნელოვანია სწორედ ამ საყრდენი ღერძის ამორჩევა, ვინაიდან ეკონომიკის, როგორც ქვესისტემის არსებობა კოორდინაციის მეთოდების ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული.

ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფცია საშუალებას გვაძლევს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული გადაწყვეტილება მოქმედებათა მაქსიმალური რაოდენობის უშუალო შემოწმების გარეშე მივიღოთ. სწორედ კონცეფციის საფუძველზე დგინდება მათი (გადაწყვეტილებათა) თავსებადობა საზოგადოების უფრო მასშტაბურ მიზნებთან, რაც ეკონომიკური პოლიტიკის კონკრეტული  მიზნების რეალიზებას ხელს უწყობს.

ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფცია დაკავშირებულია წესრიგის პოლიტიკასთან, რაზეც სწორედ კონცეფციით ნებადართულ საშუალებებსა და წესრიგის პრინციპებს შორის დამოკიდებულება მიუთითებს. კონცეფცია სწორედ მაშინ არის თანმიმდევრული და მყარი, როდესაც  მასში მოცემული ინსტრუმენტები, ეკონომიკური წესრიგის პრინციპები და სხვა, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, კოორდინირებული და ჰარმონიული მოქმედების პირობას აკმაყოფილებს. ასე, რომ საბაზრო კოორდინაცია შესაბამისობაშია საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპთან. კერძო მოქმედებები, რომლებიც კონკურენციის საფუძველზე ხორციელდება სრულ თანხმობაშია ეკონომიკურ-პოლიტიკური მართვის მოთხოვნასთან, რომელიც საინფორმაციო პოლიტიკისა და მონაცემთა ცვლილების საშუალებით ხორციელდება. საბაზრო მოთხოვნებთან შეუთავსებელი იქნებოდა კერძო ეკონომიკური მოქმედებების კოორდინირებულობის სახელმწიფო მართვის პირდაპირი ძალადობრივი ფორმით ჩანაცვლების მცდელობა. აქედან, უპირველეს ყოვლისა, მოქმედების თავისუფლების ასპექტით, მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგი გამომდინარეობს. საქმე ეხება იმას თუ რამდენად გამართულად ფუნქციონირებს კოორდინაციის პრინციპზე დამყარებული კონფორმული სისტემა.

ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფციაში მოცემულ წესრიგის პოლიტიკის ელემენტებზე განსაკუთრებით  აისახება ის ზეგავლენა, რომელსაც ეკონომიკური პოლიტიკის ტენდენციებზე ახდენს საზოგადოების საბოლოო მიზნები და მათი ინტერპრეტაციები. ეკონომიკური წესრიგი, რომელიც საფუძვლად უდევს კონცეფციას თვითმიზანი არ არის. იგი საზოგადოებაში არსებული ძირითადი შეხედულებების გამოხატულებაა. სწორედ ამის საფუძველზე უნდა გავიაზროთ რეგულირებადი ბაზრის ორი ასპექტი, რომელთაგან ერთი კოორდინირებული სისტემის მართვას უკავშირდება, მეორე კი, იმის დადგენას გულისხმობს, თუ რამდენად არის შესაძლებელი ეკონომიკურ-პოლიტიკური მოვლენების მართვა. გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განისაზღვრება, ეკონომიკური ასპექტით, ინდივიდუალური თავისუფლება და სამართლიანობა. როდესაც აქცენტი კეთდება მოპოვებული სოციალური სტატუსის შენარჩუნებასა და სამართლიანობის შესახებ სუბიექტურ აღქმაზე, მაშინ საბაზრო კოორდინაცია და მასზე დაფუძნებული კერძო საკუთრების ავტონომია გარკვეულ შეზღუდვასა და კორექტირებას საჭიროებს. მაგრამ თუ აქცენტი  გადატანილია წარმატებაზე  და  ინდივიდის უნარზე მიესადაგოს პროგრესის მომტან ცვლილებებს, მაშინ სუბიექტური ავტონომიის მაღალ დონესთან ერთად აუცილებელია მატერიალური სტიმულებიც არსებობდეს. მათ განაწილებას სრულიად განსხვავებული, მაგრამ ყველასთვის ასატანი და  მისაღები შედეგები უნდა მოჰყვეს.

კონცეფციამ რომ შეასრულოს თავისი ამოცანა და ეკონომიკური პოლიტიკის მოქმედების მყარ და გამძლე საფუძვლად იქცეს, აუცილებელია გრძელვადიანი პოლიტიკური კონსენსუსის უზრუნველყოფა. იგი უნდა ითვალისწინებდეს, რომ  ეკონომიკა არის სისტემის სტრუქტურული  რგოლი და ამ მხრივ  მისი მიზნები უფრო მასშტაბური საზოგადოებრივი მიზნების შემადგენელი ნაწილია. ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფციის განხორციელებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად საჭიროა: გარკვეული დრო; მისი შედეგები უნდა შეფასდეს მხოლოდ შედარებითი ანალიზით; გათვალისწინებული უნდა იქნეს ძირითადი და თანმხლები მოკლევადიანი და გრძელვადიანი ზემოქმედებები, რომლებმაც შესაძლებელია მიზანთა კონფლიქტები გამოიწვიოს. მათი მოგვარებისათვის კი აუცილებელია შემოწმდეს ხომ არ შეიცვალა ძირითადი ღირებულებების შესახებ არსებული შეხედულებები და მიღწეულ კონსენსუსს ნაწილობრივ ან მთლიანად ხომ არ გამოეცალა საფუძველი (Streit, 2005, გვ. 296).

აქედან გამომდინარე საჭიროა, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფციები მუდმივად მოწმდებოდეს და დროთა განმავლობაში მათში ცვლილებები შედიოდეს. ამავე დროს, კონკრეტულ გარემოებათა ზეგავლენით, მიუხედავად ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლის ძალისხმევისა, შესაძლებელია, რომ კონცეფცია და ფაქტობრივი პოლიტიკა ერთმანეთს დაშორდეს. ამით კონცეფცია, როგორც პრაქტიკული მიზნების ორიენტირი მნიშვნელობას როდი დაკარგავს. თუ მასზე უარს ვიტყვით, მაშინ ჩვენს წინაშე შემდეგი კითხვა გაჩნდება: რით უნდა ჩავანაცვლოთ იგი  თითქმის  გაუაზრებელი ინტერვენციების საფრთხე თავიდან რომ ავიცილოთ? მსოფლიო აზროვნებაში, სულაც არ იგრძნობა ისეთი მოდელების დეფიციტი, რომლებიც ადამიანთა თანაცხოვრების იდეალურ მდგომარეობას  გვიხატავენ. საუკუნეთა მანძილზე ყოვლისმომცველ საზოგადოებრივ ცვლილებებს ბიძგს სწორედ ასეთი უტოპიები აძლევდა.

ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფციის შექმნას იგივე მიზეზი აქვს, რაც საზოგადოდ  – ეკონომიკური პოლიტიკის ყველა პრობლემას. ესაა ფაქტობრივ მდგომარეობასა და სასურველ ეკონომიკურ განვითარებას შორის განსხვავება. აუცილებელია უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება წარმომადგენლობით დემოკრატიებში კონცეფციების განხორციელება შესაძლებელი რომ გახდეს.  ეს კი დამოკიდებულია, როგორც იმაზე თუ რამდენად მიმზიდველია მათ მიერ ჩამოყალიბებული მიზნები, ისე მათი  მიღწევის საშუალებებზე. ისინი კი ტექნოლოგიის შესახებ მსჯელობების ანალიზმა უნდა ცხადყოს. სხვა მხრივ, რაკი საქმე ეხება მიზნებისა და საშუალებების ინდივიდუალურ შეფასებებს, შეუძლებელია ინტერესთა კონფლიქტები თავიდან ავიცილოთ. უმრავლესობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად აუცილებელია, რომ ისინი (მიზნები და მათი მიღწევის საშუალებები) საკმარის კომპრომისებსა და კომპენსაციებს გვთავაზობდნენ. გამორიცხული არ არის, რომ კონცეფციის ქომაგები შეფასებით მსჯელობებსა და მართვის შესახებ წარმოდგენებში საზოგადოებრივად ჩამოყალიბებული მიზნების, წესრიგის პოლიტიკის პრინციპებისა და  შესაბამისი, მიზნისადმი კონფორმული საშუალებების საკუთარი კომბინაციით ხელმძღვანელობდნენ. რაც ძალზე წააგავს იდეალური კონცეფციის მოდელს. თუ ასეთი მოდელის მიხედვით შევაფასებთ, მაშინ მეცნიერული შემოწმებისას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ კონცეფცია, რომელსაც უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვების უნარი აქვს, უმნიშვნელო კომპრომისს გვთავაზობს.

ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფციები და უტოპიური თეორიები

უტოპიური თეორიები, რომლებიც იდეალურ სახელმწიფოებს გვიხატავს, ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფციებისაგან თავიანთი უკომპრომისო ხასიათითა და იმითაც განსხვადება, რომ შეუძლებელია მათი მეცნიერული შემოწმება. უტოპიები ადამიანთა საზოგადოების იდეალურ მდგომარეობას ახასიათებს, რომელსაც „საზოგადოებრივ ჰარმონიას“ (Dahrendor, 1958, გვ. 88) უწოდებენ. ასეთ ნაშრომებში მოცემული ,,საზოგადოებრივი ჰარმონია~ არარეალურია, ამავე დროს აშკარაა მათი გაურკვეველი და უკომპრომისო ხასიათი. უტოპიებში წარმოდგენილია ცხოვრება, რომელშიც მშვიდობა სუფევს, ადამიანის მოთხოვნილებები სრულად არის  დაკმაყოფილებული, აღმოფხვრილია უთანასწორობა და არ არსებობს არავითარი ჩაგვრა, დაქვემდებარება და მორჩილება.

ამგვარ ჰარმონიაში არ ხდება ინტერესთა შორის კონფლიქტები, რომელთა მოგვარება აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოებას არსებობის შესაძლებლობა ჰქონდეს. უტოპიურ საზოგადოებებში ყველა ინდივიდუალური შეხედულება ჰარმონიულად თანაარსებობს. სხვაგვარად მოაზროვნეები, როგორც წესი, არ არსებობენ. მათი არსებობის ცალკეული შემთხვევები კი პათოლოგიად ითვლება, ხოლო სხვაგვარად მოაზროვნე – სამშობლოს მტრად ცხადდება. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია  მათი გადამზადება, ახლიდან აღზრდა  და გამოსწორება. უტოპიებში ხშირად გაურკვეველია როგორ აპირებდნენ ინდივიდუალური შეხედულებების გრძელვადიან ჰარმონიზებას. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტებს, ავტორები თვლიდნენ, რომ მათი აღმოფხვრის ერთადერთი გზა საზოგადოებრივი პირობების რადიკალური ცვლილებაა. ამ ცვლილებებში ზოგიერთი სოციალისტ-უტოპისტი გულისხმობს კერძო საკუთრების გაუქმებას და ახალი რელიგიის ან/და ამქრული ეკონომიკის რაღაც ფორმების შემოღებას. სხვების ლიბერალური პოზიციის მიხედვით კი საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესთა შორის გრძელვადიანი ჰარმონია დაისადგურებდა თუ გავაუქმებდით ყველა ეკონომიკურ შეზღუდვას და არ შევაფერხებდით ეკონომიკური ცხოვრების ბუნებრივი „კანონების“ მოქმედებას (ჩაურევლობის პრინციპი). ინტერესთა შორის კონფლიქტების არარსებობის კიდევ ერთი საფუძველია აღზრდის  ქმედითი მეთოდები და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები. 

საზოგადოების განვითარების უტოპიური მოდელის ძირითად სიძნელეს წარმოადგენს მომავლის საზოგადოებებში გაბატონებული ტექნოლოგიების დეფიციტი. უტოპიებში ცდილობენ გამოცდილების ბორკილების დამსხვრევას და  მთელი სიცხადით  წარმოგვიდგენენ იმას, რისი განხორციელებაც აქამდე არ მომხდარა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიების დეფიციტი არ ეხება მარტო უტოპიური საზოგადოებების პროექტებს. საქმე ის არის, რომ უტოპიები არაფერს ამბობს იმის შესახებ თუ ტექნოლოგიურად როგორ უნდა განხორციელდეს ისტორიაში მოცემული პერიოდის საზოგადოებიდან მომავლის საზოგადოებაზე გადასვლა. ამის დასადასტურებლად მართებულად მიგვაჩნია ეკონომიკურ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც უშედეგოდ დასრულდა ლენინის მცდელობა წარმოედგინა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც პროლეტარიატის რევოლუციას კომუნიზმამდე მიიყვანდა. იგივე მოუვიდა პლატონსაც. როდესაც იგი თავის „სახელმწიფოს” წერდა, დარწმუნებული იყო, რომ ათეისტური დემოკრატიის გაუქმების შემდეგ არისტოკრატიული წესრიგი თავისთავად დამყარდებოდა. მაგრამ იგი თანდათან რწმუნდებოდა იმაში, რომ შეუძლებელია რევოლუციის შედეგების წინასწარ განჭვრეტა.   

უტოპიებში ჰარმონიის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ „ჩაკეტილ საზოგადოებაში” (პოპერი). უტოპიები ადამიანთა თანაცხოვრების იდეალურ მდგომარეობას გამოხატავს, სადაც ყოველგვარი ცვლილება (მათ შორის ტექნიკური პროგრესი) საფრთხეს უქმნის იდეალს. ამიტომაც  უტოპიებს სტატიკური ხასიათი აქვთ და ასეთ მოდელებში საზოგადოება ცდილობს გაემიჯნოს გარე სამყაროს. საზოგადოების შიგნით კი ცდილობენ თავიდან მოიშორონ განსხვავებული აზროვნებისა და განხეთქილების ჩამომგდებნი (Streit, 2005, გვ. 299). აქედან გამომდინარე, ეგზომ სანატრელი საზოგადოების ,,შექმნა~ ცალკეული დიქტატორის თვითმიზნად იქცევა ხოლმე. მათ ცნობიერებაში ადამიანთა სურვილები უნდა ემორჩილებოდეს იმ მიზნებს, რომლებსაც უტოპია განასახიერებს. ყველა უტოპია, დიდ მოაზროვნეთა მიერ გაცხადებული პრეტენზიის მიუხედავად, კოლექტივისტურ მსოფლმხედველობას წარმოადგენს.

უტოპიის მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ იგი რადიკალურად უპირისპირდება არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს და მათი კრიტიკის ფორმად გვევლინება. ეს ითქმის როგორც პლატონისა და მორის, ისე  თანამედროვე სოციალისტ-უტოპისტების შესახებ; მისი „კვლევითი ხასიათი” (Engelhardt, 1969, გვ. 666) გასათვალისწინებელია იმ ასპექტით, რომ გამოთქულ მოსაზრებათა მეცნიერული დამუშავება მომავალში მოხდეს; პროგრამული ხასიათიდან გამომდინარე უტოპია მოიცავს სასურველ მიზანთა კომბინაციებს, რომლებსაც  მოქმედების უცვლელ პრინციპებად  აცხადებს.

ეს ბოლო ასპექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ რაციონალურ  ქმედებას წარმოადგენს (Popper, 1948ა/2002, გვ. 358). იგი საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი მოქმედების საბოლოო მიზანი მაქსიმალური სიცხადით წარმოვიდგინოთ. საზოგადოებასთან დამოკიდებულებაში ეს ქმედება მოითხოვს, რომ  ნათლად გვქონდეს გაცნობიერებული მისი საბოლოო მიზნები. რა უნდა ვქნათ თუ მიზნები იცვლება, როდესაც  ჩვენ ვცდილობთ მათთან მიახლოვებას? რას ნიშნავს ის, რომ ჩვენი თანამედროვეები სხვა იდეალებს იზიარებენ? რას ნიშნავს ის, რომ ყველა თაობას თავისი ახალი იდეალები მოაქვს? ყოველივე ეს ეჭვს ბადებს იმის შესახებ საერთოდ არსებობს თუ არა საბოლოო მიზანი. საკამათოა მიზნების მეცნიერულად ფორმირების შესაძლებლობა. ასეთი რამ კი აუცილებელია საზოგადოებისათვის, მათ საყოველთაო და განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე პრეტენზიის გასამართლებლად არ არის სადავო აგრეთვე ის, რომ ზოგიერთი მიზანი, რომელიც ადრე მიღწეულად ითვლებოდა, მოგვიანებით განხორციელდა. მოქმედებათა რაციონალურობის თაობაზე მსჯელობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც თავიდანვე ნათელი წარმოდგენა გვაქვს მიზნებსა და მათ ღირებულებაზე. გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ  მიზნის რეალიზებაზე მიმართული პოლიტიკური მოქმედების შედეგები შესაძლებელია საზოგადოებისათვის სახიფათო იყოს. ასეთი საფრთხეები კი იმაში მდგომარეობს, რომ:

• შესაძლებელია საზოგადოებას არ გააჩნდეს იდეალის  ხორცშესხმის  საკმარისი სულიერი და მატერიალური რესურსები და  მხედველობიდან გამორჩეს უშუალო და კონკრეტული ნაკლოვანებების აღმოფხვრის აუცილებლობა;

• ზოგჯერ ახალი საზოგადოების შექმნას ხელისუფლება ცდილობს იმ თაობათა დათრგუნვის  ხარჯზე, რომლებსაც გარდამავალი ხიდის როლს დააკისრებს;

• შესაძლებელია სხვაგვარად მოაზროვნეთა ძალადობრივი გარდაქნა და დამორჩილება გამართლებულ ტაქტიკად ჩაითვალოს, ვინაიდან ისინი საფრთხეს უქმნიან უტოპიური საზოგადოების იდეების ხორცშესხმას (Streit, 2005, გვ. 300).

სავარაუდოდ  საფრთხეებს  ის გაურკვევლობებიც ემატება, რომლებიც დაკავშირებულია მასთან, რომ უტოპიები მოქმედებათა ტექნოლოგიას მოკლებული არიან. იდეალის ხორცშესხმის მიზნით აურაცხელი საზოგადოებრივი ცვლილება განხორციელებულა. თუ მათ შესახებ საკმარის ინფორმაციას შევაგროვებთ, დავრწმუნდებით, რომ შეუძლებელია მათი რაციონალური შემოწმება. საქმე ის არის, რომ უტოპიურად ორიენტირებული პროგრამები ფსევდორაციონალურობით ხასიათდებიან. ძალზე ვიწროა ის სფერო, რომელსაც შეიძლება სოციალური ტექნიკა მივუყენოთ.

ეკონომიკური პოლიტიკა მოწოდებულია თანმიმდევრული დიაგნოზირების საფუძველზე აღმოფხვრას კონკრეტული ნაკლოვანებები და აქედან გამომდინარე შედეგები შემდგომი მოქმდებებისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს. მან უნდა აჩვენოს ის თუ როგორ უნდა მოხდეს სოციალურ ტექნიკაზე დაფუძნებული თანმიმდევრული რეფორმების განხორციელება (გველესიანი, 2013, გვ. 11-13). იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემები რაციონალურად არის გააზრებული, მაშინ მათი განხორციელების ყოველი ეტაპი, ერთი მხრივ, ერთმანეთთან თანხმობაში უნდა იყოს. მეორე მხრივ, კი  საზოგადოების მდგომარეობისა და განვითარების შესახებ  გლობალურ შეფასებებს უნდა შეესაბამებოდეს.  ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფცია, როგორც ჩარჩო პროგრამა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. შეფასებებსა და ტექნოლოგიის ცოდნაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით მისი გადამოწმება პერიოდულად უნდა მოხდეს.

სოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფციის წინააღმდეგობრივი მიზანი

 ისტორიული ასპექტით სოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფცია ჩამოყალიბდა, როგორც რეაქცია:

• იმ მზარდსა და ორიენტაციას მოკლებულ ინტერვენციონიზმზე, რომელსაც ახორცილებდნენ  განვითარებული  სახელმწიფოები ორივე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში;

• ცენტრალიზებულად მართვადი არაეფექტიანი ეკონომიკის შესახებ დაგროვილ გამოცდილებაზე, რომელმაც სრულიად დაადასტურა მეცნიერულად  ჩამოყალიბებული პროგნოზები;

•  იმ სტრატეგიაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის პირველ წლებში ცდილობდა  სიღატაკის აღმოფხვრას ბიუროკრატიულ-ეკონომიკური მეთოდებით.

სოციალური საბაზრო ეკონომიკის სულიერი მამები არიან ლიბერალი მეცნიერები, ე.წ. ფრაიბურგის სკოლის წარმომადგენლები: ფ. ბიომი, ვ.ოიკენი, ფ.მეიერი, ა.მიულერ-არმაკი, ვ.რიოპკე და ა.რიუსტოვი. ლუდვიგ ერჰარდი და ალფრედ მიულერ-არმაკი ის პიროვნებები არიან, რომლებმაც სცადეს მეცნიერული ვარაუდები პრაქტიკულ პოლიტიკაში გადაეტანათ.

ეკონომიკური წესრიგის  პოლიტიკის თვალსაზრისით სოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფცია რეგულირებადი საბაზრო ეკონომიკის კონკრეტული ტიპის ჩამოყალიბების მცდელობაა. ამ კონცეფციის მიზანია, რომ „საბაზრო თავისუფლების პრინციპი სოციალურ თანასწორობასთან დააკავშიროს” (Mueller-Armack, 1956, გვ. 390). ამით აღიარებული იქნება ინდივიდუალური თავისუფლებისა და სამართლიანობის მიზნები. კონცეფციის დამოკიდებულება ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებთან ვლინდება იმაში, რომ ეკონომიკის სფეროში  ინდივიდუალური თავისუფლების განხორციელებისას გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება მეტწილად გადადის კერძო ინდივიდების ხელში; თავისუფალი კონკურენციის შედეგების გაკონტროლება, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება სამართლიანობის, როგორც ყველასთვის თანაბრად მისაღები პირობების  უზრუნველყოფის ამოცანას; ეკონომიკური უსაფრთხოების ხელშეწყობა ინდივიდის საარსებო პირობებზე ზრუნვასაც გულისხმობს, რომელიც ხორციელდება, როგორც ქონების დაგროვების, ისე სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოს გზით; პროგრესს ხელს უწყობს საბაზრო კოორდინაცია, რომელიც კონტროლირებადი ფასების საფუძველზე კონკურენციის ფორმით მიმდინარეობს. ცხადია, რომ  როგორც თავისუფლებასა და სამართლიანობას, ისე უსაფრთხოებასა და პროგრესს შორის კონფლიქტების მოგვარებისათვის ეკონომიკური ზრდა უკეთეს პირობებს ქმნის (Streit, 2005, გვ. 301-302).

ეკონომიკური პოლიტიკის მიზნების განხორციელება ხელს უნდა უწყობდეს ძირითადი ღირებულებების რეალიზებას. „სოციალური ინტერვენციის  რეგულირების პრინციპი” (Mueller-Armack, 1956, გვ. 391) უპირველეს ყოვლისა, შინაარსობრივად შეესაბამება როგორც შემოსავლებისა და ქონების სამართლიანად განაწილების, ისე სოციალური უსაფრთხოების პრინციპს.

სოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფციას საფუძვლად უდევს ორი მარტივი პრინციპი:

• საბაზრო კოორდინაცია ხორციელდება იმ პროცედურის საფუძველზე, რომელიც კონკურენციის პროცესში ფასების რეგულირებას გულისხმობს. მაგრამ ვინაიდან კონკურენცია თავისთავად არ გვაძლევს ამის საშუალებას, საჭიროა მისი ინსტიტუციური უზრუნველყოფა. საუბარია იმაზე, რომ „გამოირიცხოს კონკურენციის შეზღუდვა, გაკონტროლდეს მონოპოლიები, ოლიგოპოლიები და კარტელები და ამით - მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე - ამაღლდეს კონკურენციის ეფექტიანობა`(Mueller-Armack, 1956, გვ. 391);

• ეკონომიკურ-პოლიტიკური მართვის ღონისძიებები ემსახურება „სოციალურ მიზანდასახულობას და არ აფერხებს საბაზრო მექანიზმის მუშაობას” (Mueller-Armack, 1956, გვ. 391). ამით დგინდება სისტემისადმი კონფორმულობა, როგორც ინსტრუმენტების გამოყენების კრიტერიუმი. განსხვავებული ზომების გამოყენება მოწმდება იმის მიხედვით თუ რამდენად შეასრულებენ ისინი მათზე დაკისრებულ ფუნქციას  საბაზრო კოორდინაციის გაბატონებულ სისტემაში.

ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანები გადანაწილებულია ორ განსაკუთრებულ ინსტიტუტზე, რაც კონცეფციის კიდევ ერთი მახასიათებელია. ანტიმონოპოლიური სამსახურის ამოცანაა კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებათა გატარება, როგორც ეს განსაზღვრული უნდა იყოს  კონკურენციის შეზღუდვათა აკრძალვის შესახებ კანონით. მეორე ორგანიზაცია კი დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკია. სახელმწიფო ხელისუფლებისათვის ფულად მასაზე კონტროლის ფუნქციის  ჩამორთმევა უნდა გავიგოთ, როგორც ინფლაციური პოლიტიკის პრევენციის მცდელობა. ამ კონტექსტში უნდა გავიაზროთ ,,საოჯახო მეურნეობის სტაბილურობის” (Mueller-Armack, 1956, გვ. 391) პრინციპიც. თუმცა თეორიასა და პრაქტიკაში, ეს პრინციპი არ არის დაკონკრეტებული. გაურკვეველია თუ რას ნიშნავს იგი კონიუნქტურის პოლიტიკის ასპექტით. და ბოლოს, ზემოაღნიშნულ „სოციალური ინტერვენციის რეგულირების პრინციპთან” ერთად უნდა დავასახელოთ „საწარმოო სოლიდარობის” პრინციპიც (Rüstow, 1953, გვ. 102). იგი უნდა გავიგოთ, როგორც „შრომითი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უწყობს  საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეწარმის მონაწილეობის გააქტიურებას.”

სოციალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებმა პოლიტიკური მნიშვნელობა მსოფლიოში მას შემდეგ შეიძინა, რაც  ისინი 1949 წ. დიუსელდორფში გერმანელებმა (ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა) თავისი ეკონომიკური პროგრამის ბირთვად გამოაცხადეს. ომის შემდგომ პერიოდში იგი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის მიერ ფორმირებული ყველა მთავრობის  პრაქტიკულ ეკონომიკურ პოლიტიკას წარმოადგენს. მასში გარკვეული შეზღუდვების შეტანისა და აქცენტების გადაადგილების შემდგომ კონცეფცია თანდათან სოციალურ-დემოკრატიულმა ოპოზიციამაც გაიზიარა.

კონცეფციასა და რეალობას შორის გაჩენილი ღრმა ბზარი შესაძლებელია გლობალური კონტროლის შედეგი იყოს (Tuchtfeldt, 1973). სოციალური საბაზრო ეკონომიკა, არსებითად უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებს კონიუნქტურის პოლიტიკასა და მართვის შესახებ მოძღვრებას (ასევე „განხორციელების შესაძლებლობას”). გლობალური კონტროლი წესრიგის პოლიტიკის მიხედვით საბაზრო კოორდინაციის თავისებურ გაგებას ემყარება. სახელდობრ, იგი განისაზღვრება, როგორც ქცევის წესრიგის პოლიტიკაზე ორიენტირებული მოვლენა. ეს თვალსაზრისი არ ითვალისწინებს პოლიტიკის კანონზომიერებებს, როგორც ხელის შემშლელ ფაქტორს, რომელიც არ გვაძლევს მართვის გეგმის თანმიმდევრულად გამოყენების შესაძლებლობას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გლობალურ კონტროლს დღემდე არ მოუტანია დამაჯერებელი შედეგი (Streit, 1981).

სოციალური სახელმწიფო თავისი შინაარსით ხელს უწყობს სუბსიდირების პრინციპის თანდათანობით განდევნას, რაც  პოლიტიკური კონკურენციის შედეგია.  კონცეფციის გადატვირთვასა და გამოფიტვას განაპირობებს მწვავე პრობლემა, რომელიც დემოკრატიის ერთ განსაზღვრულ  ფორმას უკავშირდება. საუბარია კეთილდღეობის სახელმწიფოსა და დემოკრატიის იმ ფორმაზე, რომელიც მას (უმრავლესობის კეთილდღეობას) ემყარება.  ეს პრობლემა საკითხის ეთიკური  ასპექტის მიჩქმალვას იწვევს. ზოგჯერ კი მას ტაბუდ აქცევს. საქმე ეხება განსხვავებულ ინტერესთა ჯგუფების პოლიტიკურ უგულვებელყოფასა და მათ მიმართ ოპორტუნისტულ რეაქციას. რასაც  ისიც აძლიერებს, რომ უმრავლესობის ინტერესთა ჯგუფები (ტნკ-ის ეკონომიკური ინტერესები) და პოლიტიკური აქტიორები ერთმანეთთან კავშირში არიან, როგორც პერსონალურად, ისე ფინანსურად (იხ. Streit, 2003).

კონცეფციასა და რეალობას შორის გაჩენილი ,,ბზარის” აღმოფხვრისათვის აუცილებელია ამ დაბრკოლებების იდენტიფიცირება და თავიდან აცილება. ამისათვის კი საჭიროა: მათი თავიდან აცილების ტექნოლოგიის ცოდნის გაუმჯობესება, როგორც ეკონომიკურ ურთიერთზემოქმედებათა, ასევე პოლიტიკური ნების ფორმირების პროცესის თვალსაზრისით; როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტარიუმის, ისე პოლიტიკური მეთოდების გაუმჯობესება.

კონკრეტულად უნდა შემოწმდეს შესაძლებელია თუ არა: ეკონომიკურ-პოლიტიკურ აქტივობათა გარდაუვალი კოორდინაციის გაუმჯობესება, როდესაც ეკონომიკური პოლიტიკის უამრავი გამტარებელი არსებობს; ინტერესთა ჯგუფების ზეგავლენის შეზღუდვა ეკონომიკურ-პოლიტიკური ნების ფორმირების პროცესზე; გადაწყვეტილების გამტარებელთა მართვის ცოდნის გაუმჯობესება ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებათა შედეგების კონტროლის საფუძველზე. აადვილებს თუ არა ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის იდენტიფიცირებას და მათთვის (საჭიროების შემთხვევაში) სანქციების დაკისრების შესაძლებლობას (გველესიანი, გოგორიშვილი, 2012, გვ.146). ამავე დროს, აუცილებელია იმის გაცნობიერება თუ რა არის, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფციის რეალიზებისა და მისი შემდგომი განვითარების, ისე ეკონომიკური და საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ შეხედულებათა ჩამოყალიბების  მთავარი წანამძღვარი. სწორედ ეს არის რაც შეიძლება ფართო  კონსენსუსი იმ  ძირითადი ღირებულებების შინაარსისა და მასშტაბის თაობაზე, რომლის რეალიზაციაც საზოგადოებას სურს. 

ლიტერატურა

TUCHTFELDT, E. (1973), Soziale Marktwirtschaft und Globalsteuerung in ders. (Hrsg.): Soziale Markwtwirtschaft im Wandel, Freiburg. S. 159-188.

TUCHTFELDT, E. (1981), Wisrtchaftspolitik, in: Handwoerterbuch der Wirtschaftswissenschaft, Bd. 9, Stuttgart u. a., S. 202. 

STREIT, M. E. (1981), Demand Management and Catallaxy – Reflections on a Poor Policy Record. Ordo, 32, S. 17-34.

STREIT, M. E. (2003), Menschliches Wissen - Dimensionen eines komplexen Phaenomens, in: ORDO 54, S. 113-122. 

STREIT, M. E. (2005), Theorie der Wirtschaftspolitik, 6. Auflage, Stuttgart. p. 296; 299; 300; 301-302; 307.

რ. გველესიანი, ი. გოგორიშვილი, ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებთან ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისობა, თბილისი, 2012, გვ.146.

რ. გველესიანი, ეკონომიკური პოლიტიკის საშუალებათა რაციონალური გამოყენების ლოგიკა, ჟურნ. ,,ეკონომიკა და ბიზნესი, N1, თბილისი, 2013, გვ.17-30. 

რ. გველესიანი, თანმიმდევრული და ეტაპობრივი რეფორმების სოციალური ტექნიკა, ჟურნა. ,,ეკონომიკა და ბიზნესი,” N6, თბილისი, 2013, გვ. 11-22.

რ. გველესიანი, ძირითად საზოგადოებრივ ფასეულობათა შორის არსებული წინააღმდეგობები და მათი დაძლევის პრობლემა, ჟურნ. ,,ეკონომიკა და ბიზნესი,” ტომი X, 1, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2017, გვ.14-24. DAHRENDORF, R. (1958), Pfade aus Utopia - Zu einer Neuorientierung der soiologischen Analyse; wiederabgedruckt in ders. (Hrsg.): Gesellschaft und Freiheit - Auf dem Weg zur Dienstklassengesellschaft. Gesammelte Abhandlungen II, Muenchen 1972. S.88. 

ENGELHARDT, W. W. (1969), Utopie als Problem der Sozial- und Wirtschaftswissenschaften. Zeitschrift fuer die gesamte Staatswisenschaft 125, S.665-667.

POPPER, K.R (1948b), Prediction and Prophesy in the Social Sciences; wiederabgedruckt in ders.: ConJectures and Refutations - The Growth of Scientific Knowledge, 5. Aufl., Neudruck; London u.a. 2002, S. 358. 

MULLER-ARMACK, A. (1956), Soziale Marktwirtschaft, in: Handwoerterbuch der Sozialwissenschaften, Bd. 9,  Stuttgart, Tuebingen, Goettingen, S. 390; 391.

RUESTOW, A. (1953), Soziale Marktwirtschaft als Gegenprogramm gegen Kommunismus und Bolschewismus; in A. HUNOLD (Hrsg.): Wirtschaft ohne Wunder, Erlenbach-Zuerich, S. 102.